Georgian version English version
თავფურცელი მოსახლეობა და ტრადიციები სასტუმროები
მდებარეობა და კლიმატური პირობები ისტორიულ-კულტურული ძეგლები მარშრუტები
ფლორა და ფაუნა სერვისი კონტაქტები
 Untitled Document
თავფურცელი
საქართველოში, ისევე როგორც მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში, ბუნების ტერიტორიალურ დაცვას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საუკუნეთა განმავლობაში ადამიანები ბუნებრივ ტერიტორიებს ძირითადად რელიგიური წარმოდგენებიდან გამომდინარე იცავდნენ. საქართველოს მთაში არსებობდა ე.წ. `ხატის ტყეები~, მეფეთა და ფეოდალთა სამონადირეო სავარგულები და საეკლესიო ტყეები, სადაც იკრძალებოდა ხის ჭრა და დიდად ზრუნავდნენ ნადირ-ფრინველთა მოსაშენებლად. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტიპიურ ნაკრძალებს წარმოადგენდნენ.
XVII საუკუნეში, ვახტანგ VI "კანონთა კრებული" მოიხსენებს ყორულის ტერიტორიას, როგორც დაცვის ობიექტს - იქ აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სეირნობა, ტერიტორიას კი მცველები იცავდნენ.
მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება საქართველოში XX საუკუნის ათიანი წლეებიდან დაიწყო, როცა ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა და კვლავ ევროპულ კულტურულ არეალში მოექცა. ამ, ახალი ეტაპის დაწყების მაუწყებელი იყო 1912 წელს კავკასიაში პირველი-ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსება.
პირველი დაცული ტერიტორიები აჭარაში - კინტრიშისა და ცისკარას სახელმწიფო ნაკრძალები-1959 წელს შეიქმნა. 1961 წელს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით ცისკარას ნაკრძალი რატომღაც გაუქმდა.
აჭარაში, მწვანე კონცხის ფერდობზე საბჭოთა პერიოდამდეც არსებობდა უძველესი დროიდან შემორჩენილი, ხელუხლებელი, ულამაზესი კოლხური ტყის კორომი.
1912 წლის 3 ნოემბერს ცნობილმა გეოგრაფმა, პროფესორმა ა.კრასნოვმა ამ ტერიტორიაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი დააარსა. შეიძლება ითქვას, რომ ბუნების ეს საოცრება პრაქტიკულად მტირალას ეროვნული პარკის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. მსოფლიოში სახელგანთქმული ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეს მონაკვეთი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად დაცული ტერიტორიების, კონკრეტულად კი ახლადშექმნილი მტირალას ეროვნული პარკის წინამორბედად აჭარაში.
მტირალას ეროვნული პარკი 2006 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. არ არის შემთხვევითი, რომ პარკის მშენებლობა აჭარა-იმერეთის ქედის რელიქტური კოლხური ტყით დაფარულ ნაწილში, ნოტიო კლიმატის ყველაზე მეტად გამოხატული ზემოქმედების არეში დაიგეგმა და მის შემადგენლობაში ყოფილი ცისკარას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაც შევიდა.
მტირალას ეროვნული პარკი გვევლინება ერთადერთ დაცულ ზონად, რომლის ბაზაზეც სამთო და ეკოტურიზმის საზღვაო ტურიზმთან შეხამების სრულყოფილი მოდელი ამოქმედდება. ეს უეჭველად გამოიწვევს ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, რაც აჭარას საუკეთესო ეკონომიკურ პერსპექტივას უსახავს. ვიზიტორთა შემოსვლა მოსახლეობისათვის მდგრადი შემოსავლის წყარო გახდება, რაც, ცხადია, აამაღლებს ველური ბუნების ხელუხლებლად შენახვის მოტივაციას, ანუ, ცხოვრებაში გატარდება პრინციპი: პარკი ეხმარება რეგიონს, რეგიონი კი - პარკს

 
ვიდეო არტები
ფოტო გალერეა
ინტერაქტიული რუკა
ბმულები
 
 
პროექტი განხორციელდა ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. WWF ნორვეგიისა და WWF კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.
Copyright Mtiralanpa.Ge © 2008.
All rights reserved.
Designed By -
2DGroup.Net Design Studio