Georgian version English version
თავფურცელი მოსახლეობა და ტრადიციები სასტუმროები
მდებარეობა და კლიმატური პირობები ისტორიულ-კულტურული ძეგლები მარშრუტები
ფლორა და ფაუნა სერვისი კონტაქტები
 Untitled Document
მდებარეობა და კლიმატური პირობები

ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთერთი ყველაზე მცირე სახელმწიფოა. მისი ფართობი 69,7 ათას კვ. კმ.-ს არ აღემატება. დასავლეთიდან მას შავი ზღვა აკრავს, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან-რუსეთი, სამხრეთიდან კი - თურქეთი და სომხეთი. კავკასიონის დიდი ქედი მას ბუნებრივად გამოყოფს რუსეთისაგან, ხოლო სამხრეთით საქართველოს საზღვარი მცირე კავკასიონის მთიანეთის ქედებსა და ზეგნებზე გადადის. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 85% მთიანია. კავკასიონის უმაღლესი მწერვალების სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრს აღემატება.

ხმელეთის ამ მცირე მონაკვეთზე ბუნებამ კლიმატური პირობებისა და ლანდშაფტების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება შექმნა. საქართველოში გვხვდება ტენიანი სუბტროპიკები და ნახევრად უდაბნოები, სფაგნუმიანი ტორფნარები და ხშირი ტყით შემოსილი მთის ხეობები, შავი ზღვის ქვიშიანი ნაპირები და მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში შენარჩუნებულია ველური ბუნების თითქმის ხელუხლებელი ფართობები. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ამჟამად 18 სახელმწიფო ნაკრძალი, 5 ეროვნული პარკი, 11 აღკვეთილი, 3 ბუნების ძეგლი და 1 დაცული ლანდშაფტის კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 7% შეადგენს. დაცული ტერიტორიების ამ ჩამონათვალს, ამჟამად მტირალას ეროვნული პარკიც შეემატა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, რომელიც საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის პირას მდებარეობს, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ წარმოდგენილია ზომიერი სარტყლის მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი ვერტიკალური სარტყლიანობის თითქმის სრული სპექტრი, ზღვისპირა ქვიშიანი პლაჟებიდან დაწყებული, სუბალპური და ალპური საძოვრებით დამთავრებული. აჭარის ტერიტორიის 65,5% ტყით არის დაფარული, რომლის დიდი ნაწილიც მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონეა, მაგრამ აჭარის ბუნების უნიკალობას, პირველ რიგში, რელიქტური კოლხური ფლორა, მარადმწვანე ქვეტყით დამშვენებული კოლხეთის მთისა და მთისწინეთის ტენიანი ტყეები განსაზღვრავს. პლანეტარულ გამყინვარებათა პერიოდში კოლხეთი წარმოადგენდა სითბოს მოყვარულ მცენარეთა თავშესაფარს და მესამეული პერიოდიდან აქ მეზოფილური ტყეები უწყვეტად ხარობს. აჭარა და თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორია გამოირჩევა უძველესი ენდემური სახეობების სიუხვით, რაც განსაზღვრავს მტირალას ეროვნული პარკის დაარსების გლობალურ მნიშვნელობას.

ახლად დაარსებული მტირალას ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის,სახელდობრ, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე მდებარეობს. პარკის ცენტრალური ნაწილის გეოგრაფიული კოორდინატებია: აღმ. გრძედის 41.50º და ჩრდ. განედის 41.40º პარკი 16.000 ჰა-ზეა განფენილი და საკმაოდ კარგად შემონახულ ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს. პარკის ჩამოყალიბება სამხრეთ კოლხეთის რელიქტური ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, პარკი მნიშვნელოვან საკვანძო ფუნქციას შეასრულებს მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოყალიბებაში.
პარკის ბირთვული (განსაკუთრებით მკაცრი დაცვის) ზონა მოიცავს თითქმის ხელუხლებელი კოლხური ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უნიკალური მერქნიანი მცენარეულობითაა წარმოდგენილი. ამ ტერიტორიას უპირველესი პრიორიტეტი ენიჭება ევროპის დასაცავ ტერიტორიებს შორის. ბუნებრივი მცენარეული საფარის ხელუხლებლობა რთული რელიეფით, განკერძოებული, ძნელად მისადგომი მდებარეობითა და გარკვეული დროის მანძილზე დაცვის რეჟიმის არსებობითაა განპირობებული. პარკის ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა ბევრი, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობის თავშესაფრად.
პარკს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ეკისრება - მან ხელი უნდა შეუწყოს ქობულეთი-ჩაქვის ქედის ბუნებრივ ეკოსისტემათა წონასწორობის შენარჩუნებას, რაც თავიდან აგვაცილებს ეროზიულ-მეწყერული მოვლენების განვითარებას და წყალმოვარდნებს, როგორც მთის, ასევე ბარის ზონის შესაბამის ზოლში. ekoლოგიურად სუფთა გარემო ქმნის იდეალურ პირობებს სასმელი წყლის მარაგის სტაბილურობისა და სისუფთავისათვის.
გეოლოგიური თვალსაზრისით, პარკის ტერიტორია მცირედით განსხვავდება აჭარის მთლიანი გეოლოგიური სურათისაგან. აქ ძირითადად გავრცელებულია მესამეული ანდეზიტები და ტუფოგენური ქანები. ოროგრაფიულად ქობულეთ-ჩაქვის ქედი, სადაც პარკი ჩამოყალიბდა, აჭარას ყოფს ზღვისპირა და შიდა ნაწილებად. პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ზღვისპირა აჭარის ზონას მოიცავს, გამოიყოფა: მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი სარტყელი [500-600 მ-მდე ზ.დ.], მთის ქვედა [1000-1200 მ-დე], შუა[1500-1600 მ-დე] და ზედა [ 1500-1600 მ-ზე მაღლა] სარტყლები.
უმაღლესი ჰიფსომეტრული ნიშნულები 1700 მ-ის სიახლოვესაა და მიესადაგება მორვილის ქედს, რომელსაც პარკის აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს. მთა მორვილის სიმაღლეა 1773 მ. ზ.დ., ხოლო პარკის უმაღლესი წერტილია 1761მ. 1300 მეტრს აღემატება მთები დიდი მტირალა, ტერათი და სხვა. დანაწევრებულ რელიეფურ ფორმებს შორის გამოირჩევა თვალწარმტაცი ვიწრო ხეობები და კანიონები.
ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2000 მმ-ზე მეტია, ხოლო მთა დიდი მტირალას ზღვისკენ მიქცეულ ფერდობებზე 4000 მმ-ზე მეტი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი ბიოტის უნიკალურობას. ჰაერის ტენიანობა აღწევს 80-85%-ს, ხშირია ნისლიანი დღეები, რაც თავისებურ ელფერს ანიჭებს მარადმწვანე ქვეტყით მოცულ, გაუვალ კოლხურ ტყეებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა აქ aბსოლუტური სიმაღლის მიხედვით მერყეობს 10-12 ºC-დან (500-600 მ.ზ.დ) 5-6 ºC-მდე (1000-1200მ).
მთის ქვედა სარტყელში ყველაზე თბილი თვის, აგვისტოს საშუალო მაჩვენებელია 20 ºC ყველაზე ცივი, იანვრის თვის -2 ºC , აბსოლუტური მინიმუმი 1000-1200 მ-ზე ზ.დ. -13.6 ºC წელიწადში საშუალოდ 274 დღე ყინვის გარეშეა. თოვლის საფარის სიმაღლე მთის შუა და ზედა სარტყლებში ხშირად 3-4 მეტრს აღწევს.
პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ჰიდრორესურსებია მდინარეები: ჩაქვისწყალი და ყოროლისწყალი, რომლებიც შავ ზღვას ერთვიან, ხოლო ქედის სამხრეთ ფერდობზე მდ. აჭარისწყალის შენაკადები: დოლოგანი, zუნდაგისწყალი და სხვა. ბევრი მათგანი ულამაზეს ხეობებში მიედინება, ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნის. ტერიტორიაზე მრავლადაა მინერალური და მტკნარი წყაროები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული.

 
ვიდეო არტები
ფოტო გალერეა
ინტერაქტიული რუკა
ბმულები
 
 
პროექტი განხორციელდა ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. WWF ნორვეგიისა და WWF კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.
Copyright Mtiralanpa.Ge © 2008.
All rights reserved.
Designed By -
2DGroup.Net Design Studio