Georgian version English version
თავფურცელი მოსახლეობა და ტრადიციები სასტუმროები
მდებარეობა და კლიმატური პირობები ისტორიულ-კულტურული ძეგლები მარშრუტები
ფლორა და ფაუნა სერვისი კონტაქტები
 Untitled Document
ისტორიულ-კულტურული ძეგლები

აჭარა, როგორც ერთიანი საქართველოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მრავალფეროვანი წარსულის მქონე ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეა. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაფიქრებინებს, რომ ეს რეგიონი ქვის ხანიდან არის დასახლებული. ნეოლითის ეპოქიდან მოყოლებული, მდინარე ჭოროხის აუზი ჯერ ბრინჯაოს, შემდგომ კი რკინის მეტალურგიის ერთერთი მძლავრი კერა გახდა. აჭარას კარგად იცნობდა ანტიკური სამყარო, რომელსაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთის სამეფოსთან, რასაც არგონავტების საყოველთაოდ ცნობილი მითიც მოწმობს. საუბარია იმ კოლხეთზე, რომელსაც მთელი მსოფლიო მეფე აიეტისა და მისი ქალიშვილის, მედეას სამშობლოდ, ლეგენდარული ოქროს საწმისის ქვეყანად მოიხსენიებს. აჭარა ნაწილი იყო საქართველოს ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო წარმონაქმნისა, რომელსაც `კოლხა~ ეწოდებოდა.
ლეგენდარული კოლხეთის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში შეიქმნა ეგრისისა და ქართლის (იბერიის) სამეფოები. ამათგან გამორჩეულად გაძლიერდა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ქართლის სამეფო. ქართლის დედაქალაქი იყო მცხეთა. აქ, ძვ. წ. VI საუკუნეში დამკვიდრდნენ ნაბუქოდონოსორის მიერ დარბეული ებრაელები, რომლებიც 26 საუკუნეა მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში.
ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად, ძვ.წ. III საუკუნეში, ქართლის მეფის, ფარნავაზ I-ის დროს შეიქმნა ძველი ქართული ასომთავრული ანბანი. თუმცა, დღემდე ცნობილი ყველაზე ძველი ქართული დამწერლობის ნიმუში მხოლოდ ახ.წ. IV საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის-ბოლნისის სიონის ფასადზეა აღმოჩენილი.
ქრისტიანობამ საქართველოში ახ. წ. I-II საუკუნეებში დაიწყო გავრცელება - ეს უდიდესი მოვლენა უკავშირდება მაცხოვრის მოციქულ-ანდრია პირველწოდებულს და მახარობელ მატათას, რომლებმაც ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე სამი საუკუნით ადრე იქადაგეს ქრისტიანობა ამ კუთხეში. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ გონიო-აფსაროსში, აჭარის ერთერთ უძველეს ციხე-სიმაგრეში არის დაკრძალული მატათა მოციქული, რომელიც იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მიიღეს ქრისტეს მოციქულთა წრეში. qristianoba sახელმწიფო რელიგიად 337 წელს, მირიანის მეფობისას გამოცხადდა. დაიწყო ეკლესიებისა და მონასტრების მშენებლობა. თანდათანობით ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ქართული ქრისტიანული საკულტო ნაგებობების ეროვნული, არქიტექტურულად თვითმყოფადი ჯვარ-გუმბათოვანი სტილი. წერა-კითხვისა და მწიგნობრობის ფართო გავრცელებაც, როგორც ჩანს ქრისტიანული სარწმუნოების მიღებას უკავშირდება. დაიწყო ძველი და ახალი აღთქმის წიგნების, წმინდანთა ცხოვრებებისა და თეოლოგიური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა, რამაც ბიძგი მისცა ორიგინალური სასულიერო ტექსტების, ქართული ჰაგიოგრაფიისა და ჰიმნოგრაფიის შექმნას.
აჭარა, როგორც ქართლის სამეფოს ნაწილი, ქართულ მატიანეში პირველად III საუკუნის დამდეგს მოიხსენიება. ეს ცნობა ეკუთვნის IX საუკუნის ავტორს ლეონტი მროველს. მოგვითხრობს რა ფარნავაზ მეფის მიერ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ მოწყობაზე, ის აღნიშნავს, რომ მეფემ "მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტასისკარიდან ვიდრე არსიანამდის, ნოსტის თავთაგან ზღვამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა".
მეფე დავით IV აღმაშენებლის და თამარ მეფის ზეობის დროს-XI-XII საუკუნეებში, საქართველო დაწინაურდა როგორც კულტურულად, ასევე ეკონომიურად. ეს ეპოქა ცნობილია ადრეული რენესანსის სახელით. ამ დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი, დაიწერა შოთა რუსთაველის გენიალური პოემა "ვეფხისტყაოსანი". თამარის მეფობისას საქართველოში ფართო ასპარეზი მიეცა თავისუფალ აზროვნებას, სახელმწიფოსა და ადამიანს შორის სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპზე აგებულ ურთიერთობას, გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
ქვეყნის საერთო აღმავლობას არც აჭარა ჩამორჩა. შუა საუკუნეებში აქ კარგად იყო განვითარებული მწერლობა, არქიტექტურა, წიგნების გადაწერა, მეურნეობის სხვადასხვა დარგები. XIII საუკუნეში აჭარაში მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი, მეცნიერი და ასტრონომი აბუსერიძე ტბელი, რომლის თხზულებებიც ფასდაუდებელი განძია იმდროინდელი ეპოქის საქართველოს სულიერებისა და ისტორიის შესასწავლად. უდიდესი მნიშვნელობის ძეგლია ,,ტბეთის სულთა მატიანე’’, რომელიც შედგენილია XII-XVII საუკუნეებში შავშეთის ტბეთის მონასტერში. ეს უძველესი ქართული ხელნაწერი შეიცავს ფასდაუდებელ ცნობებს მაჭახელას, ჭოროხის, აჭარისწყლის ხეობებისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კუთხეების ისტორიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიისა და ონომასტიკის შესახებ.
XIII საუკუნიდან იწყება საქართველოს ძნელბედობის ჟამი: ქვეყანამ გაუძლო მონღოლთა საუკუნოვან ბატონობას, თემურ-ლენგის დამანგრეველ ბრძოლებს, მაგრამ საბოლოოდ ერთიანი საქართველო XV საუკუნეში დაიშალა სამეფო-სამთავროებად. ბიზანტიის მართლმადიდებლური იმპერიის დაშლამ და კონსტანტინოპოლის აღებამ თურქ-ოსმალთა მიერ საქართველო მთლიანად ჩამოაშორა დასავლeთ ევროპას. XVI საუკუნის დასაწყისიდან XVIII საუკუნის ბოლომდე ფეოდალურ სამთავროებად დანაწევრებული საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. ირან-ოსმალეთთან დაუსრულებელმა ომებმა ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა.
აღმოსავლეთ საქართველოს მეფე, ერეკლე II იძულებული გახდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატისათვის ხელი მოეწერა და რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესულიყო. 1801 წელს კი რუსეთის მეფემ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და თავის იმპერიას შეუერთა. მოგვიანებით იგივე ბედი ეწია დასავლეთ საქართველოს. ამრიგად რუსეთმა საქართველოში თავისი კოლონიური რეჟიმი დაამყარა.
XVII საუკუნეში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს და 1878 წლამდე, მიუხედავად გმირული წინაღმდეგობისა ოსმანთა იმპერიის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ ამ კუთხის მცხოვრებნი, თაობიდან თაობებს გადასცემდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციებს, იცავდნენ მშობლიურ ენასა და კულტურას. 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა დედა საქართველოს დაუბრუნდა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის იმპერია დაიშალა. საქართველომ დროებით (სამი წლით) მოახერხა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა და ამ სტატუსს ის დღემდე ინარჩუნებს. სრულ დამოუკიდებლობას ქვეყანამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიაღწია. 1995 წელს საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო და საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადდა.

მტირალას ეროვნული პარკის დიდი ნაწილი მდებარეობს აჭარის სამი მუნიციპალიტეტის ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ტერიტორიაზე. ამ რეგიონში ისტორიისა და კულტურის მრავალი შესანიშნავი ძეგლია წარმოდგენილი. აჭარაში დღეისათვის არსებული ნაქალაქარები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, სამარხები და სამსხვერპლოები, მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, ძველი ხიდები, ლითონისა და კერამიკის საგნები, გაუქმებული სარწყავი არხები - ძირძველი და ხორცშესხმული ისტორიაა, უწარჩინებულესი წარსულია ჩვენი სამშობლოსი.
ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, მტირალას პარკთან ახლოს, მდ. ჭოროხის შესართავთან, სოფ. გონიოში, ბათუმიდან 12 კმ-ის დაშორებით მდებარეობს გონიო-აფსაროსის ციხე-ქალაქი, რომელიც გაშენებულია ზღვასთან ახლოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას და მტკიცედ იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს. თავის დროზე სწორედ აქ აღმოცენდა ბრწყინვალე კოლხური ბრინჯაოს კულტურა და დაირწა ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი. ეს რეგიონი ძვ. წ.-ის II ათასწლეულიდან წარმოადგენდა ქართული კულტურისა და ევრო-აზიური ცივილიზაციების კონტაქტებისა და შეხვედრების უმნიშვნელოვანეს ადგილს.
განსაკუთრებით მდიდრულად გამოიყურება 1974 წელს გონიოში გზის გაყვანისას აღმოჩენილი განძი ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშებით, როგორიცაა ჭაბუკის ქანდაკება, მასიური წახნაგოვანი სამაჯურები, მედალიონი მუზის გამოსახულებით, ორნამენტირებული ფირფიტები, ცვარით გამოყვანილი მძივსაკიდები, მხედრის, ცხოველისა და ფრინველის სტილიზებული გამოსახულებანი. ჭაბუკის ოქროს ქანდაკება დიოსკურ-კორბინატის სახეს განეკუთვნება და ახ.წ. I საუკუნით თარიღდება. მრავალფეროვანია გვიანი და შუა საუკუნების მოჭიქული კერამიკისა და ფაიფურის ნიმუშები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, რკინის საბრძოლო იარაღები.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კვლევისთვის განსაკუთრებული მნიშვნელაბა აქვს ნუმიზმატიკურ მონაპოვარს. მაკედონური მონეტების გვერდით ფიგირურებს მრავალრიცხოვანი რომაული ხანის მონეტები.
ქიზიკინები, სინოპური დრაქმები, ამისოს მონეტა, ალ. მაკედონელის სტატერი, ქ.sირაკუზის მონეტა და ა.შ.- ეს ყველაფერი ადასტურებს აჭარის ზღვისპირეთის პირდაპირ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს ანტიკური სამყაროს ისეთ ცენტრებთან, როგორებიც იყვნენ, მილეთი, ქიოსი, ლესბოსი, ათენი, სინოპsე, ჰერაკლიონი და სხვა.
მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ციხე-ქალაქი პეტრა-ციხისძირი, ადრეფეოდალური ხანის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლი. მეცნიერები მიუთითებენ ციხე-ქალაქის გარდა აქ საეკლესიო კათედრის არსებობას. ხელსაყრელი სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო, VI ს-ში, ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანეს განკარგულებით ციხე-ქალაქი გააფართოეს და გაამშვენიერეს. ციხე-ქალაქი ციხისძირი კონტროლს უწევდა ზღვისპირა დაბლობზე გამავალ გზას, რომელიც საქართველოს ამ კუთხეს ბიზანტიასთან, სპარსეთთან და სომხეთთან აკავშირებდა, ასევე ბიზანტიიდან შავი ზღვის გავლით მიმავალ აბრეშუმის დიდ გზას.
საქართველოსა და აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ხიხანის ციხეს, რომელიც მდინარე ხიხანის ხეობაში, მიუვალ ადგილას, ზღვის დონიდან 2635 მეტრზეა აგებული. ეს ციხე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იცავდა აჭარას. მას პირველხარისხოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ხიხანის ციხე დღეს თითქმის დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ საფორტიფიკაციო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა ნაშთები.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უშუალოდ გამავალი მდ. ყოროლისწყლის შემოგარენი საინტერესოა ისტორიულ-არქეოლოგიური კუთხით. უპირველესად ყურადღებას იპყრობს ყოროლისწყლის შესართავთან მდებარე ბათუმის ციხე, რომელიც პირველად ფსევდო არისტოტელესთან (ძვ. წ. IV ს) მოიხსენიება. ეს პუნქტი " Portus Altus’"-iს სახელწოდებით პევტინგერიანის რუკაზეც არის აღნიშნული და ტიპიურ გორასამოსახლოს წარმოადგენდა ძვ. წ. VIII-VII ს-დან.
აჭარაში დღეისათვის შემორჩენილი არქიტექტურულ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მრგვალთაღოვან ხიდებს, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით გვერდში უდგანან ციხე-კოშკებსა და საკულტო ძეგლებს. ხიდების მშენელობის სათავე IV-V საუკუნეებიდან უნდა მომდინარეობდეს, qრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების დროიდან, როდესაც ყოფა-ცხოვრებაში, კულტურასა და ხუროთმოძღვრებაში ახალი სტილი და წესები მკვიდრდება. მთელს საქართველოში და, მათ შორის, აჭარაში ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნლობა ენიჭებოდა აქ გამავალი დიდი აბრეშუმის გზის გამო. დღეისათვის აჭარაში ხიდები შემორჩენილია უმთავრესად მდინარეების-აჭარისწყლისა და კინტრიშის ხეობებში. გამოკვლეულია, რომ დღეს ხიდების რაოდენობა სამ ათეულს შეადგენს. მეცნიერები განსაკუთრებით გამოარჩევენ დანდალოს ხიდს, ასევე მნიშვნელოვანია მახოს, მახუნცეთის, ფურტიოს და სხვა ხიდები.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ხუროთმოძვრული ძეგლებიდან ყველაზე დიდი ზიანი საკულტო არქიტექტურამ განიცადა. ეს განსაკუთრებით აჭარაზე ითქმის, სადაც ოსმალთა ბატონობის დროს ბევრი ქრისტიანული სალოცავი დაინგრა. გადარჩენილ ძეგლთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შუა ფეოდალური ხანის ნაგებობაა სხალთის ტაძარი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. ხიხანის ციხის მსგავსად, ისიც აბუსერისძეთა აგებულია. ტაძარი მდებარეობს მდ. სხალთის ხეობაში, რომელზედაც მოკლე და მოსახერხებელი გზა გადიოდა აჭარასა და არტაანს. ტაძარი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის შევაკებულ ადგილას მდებარეობს. ტაძრის მოედანი შემოფარგლული იყო გალავნით, რომლის შიგნითაც, გარდა დიდი ეკლესიისა, მცირე ტაძრის ნანგრევებიცაა შემორჩენილი, რომელზეც როგორც დ. ბაქრაძე და პ. უვაროვა ადასტურებენ მიშენებული ყოფილა სამრეკლო. ეკლესია აგებულია უგუმბათოდ, რუხი პორფორით და პარალელოგრამის ფორმა აქვს. ეკლესიას აქვს მაღალი სამკუთხა ფრონტონი, დასავლეთით სტოა და სამხრეთით ეკვდერი. ქვების თლა, მათი წყობა, კარ-ფანჯრის საპირეების ნაირ-ნაირი ჩუქურთმები, ხვეული სვეტები საქმის განსაცვიფრებელი ცოდნითაა შესრულებული. ფრაგმენტულად შემორჩენილი ტაძრის მოხატულობა-XIV ს-ისაა და მხატვრული დონით, ქართული მონუმენტური ფერწერის საუკეთესო ნიმუშების გვერდით დგას.
kidev ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე სრულყოფილად მოაღწია არის აჭყვის წმ. გიორგის ეკლესია. ის XIII-XIV სს. მიჯნაზე უნდა იყოს აგებული. აქ შენარჩუნებულია ფრესკული მხატვრობის ნიმუშებიც.
ასევე დიდ ინტერესს იწვევს მტირალას ეროვნულ პარკთან ახლომდებარე სოფელ ზენითის ქვის საწნახელი, რომელიც ელინური ხანის ძვ. წ. III ს. ძეგლია. მონოლითს კონუსის ფორმა აქვს და სიგრძით 8, სიგანით კი 3 მეტრისაა. საწნახელი მუშაობდა ბერკეტისა და წნეხის საშუალებით. ზენითის მაღალი წარმადობის საწნახელი ამ რეგიონში მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების უძველესი ტრადიციების მანიშნებელია.
აჭარის ეს რეგიონი მისი მრავალფეროვანი, თვალწარმტაცი ველური ბუნებით, ქვიშიანი სანაპიროებით, მთიანი რელიეფით, ისტორიული ძეგლებითა და აქ მცხოვრები ადამიანებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება მტირალას ეროვნული პარკისა და მისი დამხმარე ზონის ვიზიტორებს.

 


 
ვიდეო არტები
ფოტო გალერეა
ინტერაქტიული რუკა
ბმულები
 
 
პროექტი განხორციელდა ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. WWF ნორვეგიისა და WWF კავკასიის წარმომადგენლობის მიერ.
Copyright Mtiralanpa.Ge © 2008.
All rights reserved.
Designed By -
2DGroup.Net Design Studio